Home

უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ჩემს გარშემო ბევრი  საჯარო სამსახურში მყოფი მეგობარი თუ ნაცნობი  დარდობს ექნება თუ არა სამსახური მომავალში.   ბევრ მათგანს ჰგონია, რომ ახალი მთავრობა  გაათავისუფლებს თანამდებობიდან, სხვები საკუთარ  თავს აწ უკვე ოპოზიციაში მყოფ  ძალასთან აიგივებენ და  თავად სურთ სამსახურის დატოვება.   ამ პოსტის დაწერა გადავწყვიტე    ბევრგან მოსმენილი „არ ვიცი რა იქნება“–ს  შემდეგ.  ასეთი პესიმისტური მიდგომა საქართველოს წარსული გამოცდილების გათვალისწინებით გასაგებიცაა, თუმცა   დღეს – მას შემდეგ რაც დემოკრატიულად  მოხდა ძალაუფლების გადაცემა  და არც საბჭოური ნომეკლატურა აღარაა საჯარო ოფისებში,  სამოქალაქო სამსახურისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს ისეთი, როგორიც დემოკრატიისაკენ მიმავალ სახელმწიფოს შეეფერება.

თავიდან ალბათ სამოქალაქო მოხელის განმარტებით უნდა დავიწყოთ. თუ მერიამ ვებსტერის ლექსიკონის მივყვებით სამოქალაქო სამსახური არის იმ ადამიანთა ერთობა, რომელსაც მთავრობაში ადმინისტრაციული ფუნქცია აქვთ.  თანამედროვე ტიპის სამოქალაქო სამსახური პირველი მაგალითები ჩინეთის იმპერიიდან მოდის. ჰენის დინასტიის  იმპერატორმა ვუმ პირველად დაიწყო გამოცდის საფუძველზე მოხელეების შერჩევა.  სამოქალაქო სამსახურმა ჩინეთის იმპერიაში სტაბილურობას და სოციალურ მობილობას შეუწყო  ხელი. შემდეგი მაგალითი ბრიტანეთის იმპერია იყო. ბრიტანელები კოლონიის ადმინისტრირებისთვის  ადამიანებს შეჯიბრის შედეგად არჩევდნენ,  რათა თავიდან აეცილებინათ კორუფცია და პატრონაჟი. დღეს, მაგალითისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში საჯარო სამსახურის დაწყების მსურველებს სამოქალაქო გამოცდის ჩაბარება ევალებათ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ოთხი დეკადის მანძილზე  პრეზიდენტი  წარადგენდა საჯარო  სამსახურის მოხელეებს და ხალხმა ამ პერიოდს „ჯელტმენთა მმართველობა“ შეარქვა. საჯარო სამსახურის ელიტურობამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია და მოგვიანებით ენდრიუ ჯექსონმა 1829 წლისთვის  სისტემა როტაციულ ბაზისებზე გადაიყვანა.  სამოქალაქო ომის შემდეგ სისტემას პრობლემები შეექმნა, სამოქალაქო სამსახურის  მოხელეები პარტიული ნიშნით დაიყვნენ. მთავრობამ დაიწყო საჯარო სამსახურში ადგილების ზრდა, რათა მომხრეების  რიცხვი გაეზარდა.   კონტინენტურ ევროპაში, მათ შორის საფრანგეთში, საჯარო სამსახურის  განვითარების ერთ–ერთი მიზეზი ტექნიკური ექსპერტების საჭიროება იყო, რომლებიც ნოუ–ჰოუს  კარგად აითვისებდნენ.

წინწასულ ქვეყნებში  საჯარო სამსახურის მოხელეები მერიტოკრატიულად შერჩეული,  პოლიტიკური  გავლენისგან თავისუფალი და  პროდუქტიულნი არიან. მაშინ როდესაც განვითარებად ქვეყნებში საჯარო სამსახურში დაქირავებულ ადამიანთა რიცხვი დიდია, მათი ხელფასები არც თუ ისე მაღალია და ძირითად შემთხვევაში  მათი სამსახური პოლიტიზირებულია. საქართველოში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 28.000–ს უდრის ( 2010 წლის მონაცემებით).

საქართველოში საჯარო სამსახურის პოლიტიზირებას დიდი ისტორია აქვს. საბჭოთა პერიოდში ყველა პოლიტიკური თუ სამოქალაქო პოსტზე კომუნისტური პარტიის ზედამხედველობით ინიშნებოდნენ და ამავე პარტიის ერთგულება ევალათ.     მას შემდეგ, რაც შევარდნაძის მთავრობა 2003 წელს ვარდების რევოლუციით შეიცვალა  ყოფილი საბჭოური ტიპის  კორუმპირებული საჯარო მოხელეები მათი ოფისებიდან გაათავისუფლეს. სამოქალაქო ინტერესის ნაცვლად მიკერძოებულ და პირად ინტერესებზე გადართული „ექსპერტთა კლასის“ ჩანაცვლებამ  ახალი კადრებით, საბოლოოდ საჯარო სამსახურში კორუფციის აღმოფხვრა გამოიღო შედეგად. თუმცა  ამ უკანასკნელს ცუდი  ეფექტიც ქონდა,  სამთავრობო ცვლილებებთან ერთად სამოქალაქო სამსახურების ცვლილებაც ჩვენში  ბუნებრივ მოვლენად  აღიქმება.

მას შემდეგ, რაც ჩვენს სამოქალაქო სამსახურში   კორუფციის დონე  საერთაშორისო ორგანიზაციების (Transparency International-ის,  მსოფლიო ბანკი და ა.შ) კვლევების მიხედვით  დაბალზეა,  საჭიროება იმისა რომ  არსებული სამოქალაქო  ექსპერტთა ჯგუფი, ახლით  იქნეს ჩანაცვლებული,  არ არსებობს (რა თქმა უნდა აქ პოლიტიკური თანამდებობები არ იგულისხმება). მნიშვნელოვანია დასრულდეს საჯარო სამსახურის პოლიტიკურ საბჯენად გამოყენება და პარტიისთვის ქულების დასაწერად  „საკუთარი კადრებით“ ჩანაცვლება.  სამოქალაქო სამსახურის  მოხელეები პოლიტიკას კი არ ქმნიან არამედ ატარებენ, ისინი უნდა ემსახურებოდნენ  ყველას განურჩევლად პოლიტიკური მიკუთვნებულობისა და არ უნდა იქნენ დევნილი მთავრობის ცვლილებასთან ერთად.

მაქს ვებერის  ლეგალურ–რაციონალური  ბიუროკრატიის მოდელის მიხედვით, სახელმწიფო მოხელეებს აქვთ  თავიანთი  ექსპერტიზის სფერო, აკეთებენ თავიანთ საქმეს. მათი შეფასება უნდა ხდებოდეს მათი პროდუქტიულობის და არა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლების კიდევ ერთი საშუალება ადმინისტრირების დეცენტრალიზებაა. არაა საჭირო პრემიერმა იცოდეს, როგორ ღებავენ თბილისის უბნებს.

ქვეყნის ინსტიტუტების განვითარების საბჯენი  ძლიერი და განვითარებული სამოქალაქო სერვისია.  ინსტიტუციური მეხსიერების შენარჩუნება მთავრობის ცვლასთან ერთად კი მნიშვნელოვანი ფაქტორია განვითარებისთვის. საჯარო მოსამსახურე საკუთარ  განვითარებაზე და გადამზადებაზე უნდა ფიქრობდეს რათა სისტემა ეფექტურად ფუნქციონირებდეს   და არა იმაზე თუ, როდის შეიცვლება მისი სამსახური მთავრობასთან ერთად.

და ბოლოს დავეთანხმები თეოდორ რუზველტის, რომ „ჩვენ ერთი შეხედვით არ უნდა განვსაჯოთ  საჯარო მოხელეები და თავს არ უნდა დავესხათ ამ ადამიანებს, ვინაიდან ისინი არა მარცხის გამომწვევები  არამედ უბრალოდ შემთხვევითობის მსხვერპლები არიან“.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s